ქუთაისის ხედიქუთაისი-საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ეკონომიკური, მეცნიერული და კულტურული პოტენციალით ქალაქი ქუთაისი ყოველ დროს ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების  ისტორიაში. ქუთაისი წარმოდგენდა გამოჩენილი თეატრალების, სახელგანთქმული პოეტებისა და მწერლების, კომპოზიტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების, მხატვრებისა და მეცნიერთა ქალაქს, რომელიც ათასწლეულების მანძილზე  ინარჩუნებდა და თაობიდან თაობას გადასცემდა მაღალ ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს.
უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა და ამჟამადაც ასრულებს ქუთაისი ქართული მუსიკალური კულტურის  განვითარების საქმეში. ქუთაისთან არის დაკავშირებული ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების მელიტონ ბალანჩივაძისა და ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი სახელები. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ხელოვანები, რომელთა სახელები ღირსეულად ჩაიწერა ქუთაისის მუსიკალური ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ესენი იყვნენ: ფ. ქორიძე, ი. შარაბიძე, ფ. მიზანდარი, კ. მაღრაძე, ა. ბენაშვილი, ბ. კუხიანიძე, მ. კუხიანიძე, დ. ლოლუა, ბ. ღოღობერიძე, გ. კილაძე,  მ. შარაბიძე, ვ. ქაშაკაშვილი, ლ. ქუთათელაძე,  თ. კობახიძე და მრავალი სხვანი.
       ქუთაისში ეზიარნენ სამუსიკო განათლებას ა. ბალანჩივაძე, პ. ამირანაშვილი, ე. სოხაძე, დ. მირცხულავა, დ. ბადრიძე, ს. კუხიანიძე, მ. დავითაშვილი, მ. ქასრაშვილი, თ. გურგენიძე, ა. ებრალიძე, გ. სალაღიშვილი, ნ. ექვთიმიშვილი, ლ. ნიქაბაძე, დ. მუქერია, კ. კალანდაძე, ჭ. ამირანაშვილი, გ. შოთაძე, მ. მაჩიტიძე  და სხვ.. რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული პროფესიული მუსიკალური კულტურის განვითარების ისტორიაში.
ამჟამად ქალაქში ფუნქციონირებს დაწყებითი სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხელოვნების ცენტრები, საოპერო თეატრი, სიმფონიური და კამერული ორკესტრები,  საესტრადო და ხალხური კოლექტივები. სწორედ, ქ. ქუთაისში 1969 წელს დაარსებულმა საოპერო თეატრმა განაპირობა 1970 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის გახსნა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციებისთვის ახალგაზრდა პროფესიული კადრების აღზრდის საქმეში.
კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის კურსდამთრებულთა (მათი რიცხვი 600-ზე მეტია) აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს სპეციალობის მიხედვით. ისინი მოღვაწეობენ ქალაქების: ქუთაისის, თბილისის, ბათუმის (ადრეულ წლებში სოხუმის), საოპერო თეატრებში, სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებში სოლისტ-მომღერლებად, გუნდისა და ორკესტრის მსახიობებად, კამერული ანსამბლების სოლისტებად, ეწევიან პედაგოგიურ და საშემსრულებლო-შემოქმედებით საქმიანობას საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში, ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში: რუსეთში, იტალიაში, საფრანგეთში, თურქეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ისრაელსა და საბერძნეთში. ფილიალის კურსდამთავრებულებს შორის არიან საქალაქო, რესპუბლიკური, ამიერკავკასიის, საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების, დათვალიერებების ლაურეატები, დიპლომანტები და პრიზიორები. ფილიალში ახალგაზრდა თაობის აღზრდას ემსახურებოდნენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, კონცერტმაისტერები, რომელთა შორის იყვნენ ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატები, სახალხო არტისტები, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწენი, დამსახურებული მასწავლებლები. და სწორედ, თბილისის ვ, სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის ბაზაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის # 262 დადგენილებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი, რომლის მიზნად განისაზღვრა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო საქმიანობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის  # 1189 ბრძანების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისთვის გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია # 0812128, რის შედეგადაც 2009 წელს განხორციელდა პირველი მიღება კოლეჯის საშემსრულებლო ფაკულტეტზე ფორტეპიანოს, საორკესტრო  (სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი) საკრავების, აკადემიური სიმღერისა და გუნდის დირიჟორობის სპეციალობებით. კოლეჯის განვითარებისა და სასწავლო-შემოქმედებითი პოტენციალის შექმნისთვის უდიდესი მნიშვნელობა იქონია იმ აკადემიურმა და სასწავლო დამხმარე პერსონალმა (კონცერტმაისტერების სახით), რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალში. მათ შორის არიან:
     გიორგი ლომთაძე, პროფესორი, ამიერკავკასიის ხალხთა აკადემიის აკადემიკოსი, სახალხო არტისტი, ქუთაისის საოპერო თეატრის  სოლისტი-მომღერალი

     ანატოლ ჭურღულია, პროფესორი, ამიერკავკასიის ხალხთა აკადემიის აკადემიკოსი, სახალხო არტისტი, მუსიკოს-შემსრულებელთა ამიეკავკასიის კონკურსის ლაურეატი, ქუთაისის საოპერო თეატრის  სოლისტი-მომღერალი
    ოლღა ჭურღულია, ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი-მომღერალი
    რამაზ კუბლაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ამიერკავკასიის ხალხთა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი-მომღერალი
    ირინა სარუხანოვა, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დოქტორი, მუსიკისმცოდნე;
   ციცინო თოდუა, პიანისტი, პროფესორი, მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიის კონკურსის დიპლომანტი, კამერული ანსამბლის სოლისტი.
    მაკა ბაქრაძე, პიანისტი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის ფორტეპიანოს პედაგოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი.
    ირინე კუხიანიძე, პიანისტი, კონცერტმაისტერი, ასოცირებული პროფესორი
    გიული მოწონელიძე, პიანისტი, კონცერტმაისტერი, ასოცირებული პროფესორი
    ჯულიეტა ლაღაძე, პიანისტი, ასოცირებული პროფესორი
   მანანა კუხიანიძე, პიანისტი, ასოცირებული პროფესორი, კამერული ანსამბლის კლასის წამყვანი სპეციალისტი.
    მეგი ჭანტურია, პიანისტი, კორეის  საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო კონცერტმაისტერის სტატუსის მფლობელი
   ია გიგაური, მევიოლინე, ასოცირებული პროფესორი, სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი და კამერული ორკესტრის სოლისტი
   ზანდა კიკვაძე მევიოლინე, ასოცირებული პროფესორი, რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი, სიმფონიური ორკესტრის მსახიობი და კამერული ანსამბლის სოლისტი
    ნელი ჩიქოვანი, აკადემიური გუნდის დირიჟორი, ასოცირებული პროფესორი
    ნანა კვერნაძე, საგუნდო კოლექტივების და ვოკალური ანსამბლების ხელმძღვანელი, საკონცერტო მომღერალი, ასოცირებული პროფესორი რომლებიც დღესაც წარმატებით აგრძელებენ პედაგოგიურ  და საშემსრულებლო-შემოქმედებით საქმიანობას ახალდაფუძნებულ სამუსიკო კოლეჯში.

 




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge